Wednesday, December 18, 2013

უკეთ გავიცნოთ ჩვენი მოსწავლეები

           


გაინტერესებთ, როგორები არიან თქვენი მოსწავლეები? გთავაზობთ ტესტს. გირჩევთ, შედეგების ინტერპრეტაციის გაცნობამდე თვითონვე აირჩიოთ ფიგურა, რომელიც, თქვენი აზრით, ა) ყველაზე მეტად გაგონებთ საკუთარ თავს, გამოხატავს თქვენს განწყობას სკოლაში და ბ) რომლის მდგომარეობაშიც ყველაზე მეტად გსურთ იყოთ.























ინსტრუქცია მოსწავლეებისთვის: წარმოიდგინეთ, რომ არსებობს ტყის სკოლა, ნახატზე გამოსახული კაცუნები კი ამ სკოლის მოსწავლეები არიან. ყველას სხვადასხვანაირი ხასიათი აქვს, დაკავებულია საყვარელი საქმიანობით და თავისი პოზიცია უკავია. ფანქრით ყავისფრად გააფერადეთ ხის ტანი და ტოტები, თან ყურადღება მიაქციეთ თითოეულ ფიგურას - სად იმყოფება, რას აკეთებს. წითელი ფანქრით გააფერადეთ ის ფიგურა, რომელიც ყველაზე მეტად გაგონებთ საკუთარ თავს, გამოხატავს თქვენს განწყობას და მდგომარეობას სკოლაში; მწვანე ფანქარით - ფიგურა, რომლის ადგილას ყოფნასაც ისურვებდით (ზოგჯერ მოსწავლეს ერთზე მეტი ფიგურის გაფერადება სურს; ნუ დაუშლით, მაგრამ ჩაინიშნეთ, რომელი იყო პირველი, რომელი - მეორე, - ეს უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდით მოსწავლის შესახებ).

შედეგების ინტერპრეტაცია: თითოეულ ფიგურას თავისი ნომერი აქვს და განსაზღვრულ პოზიციას გამოხატავს: ერთი მხრივ - მოსწავლის რეალურ განცდას, მეორე მხრივ - იდეალურს. დააკვირდით, არის მათ შორის სხვაობა? ემთხვევა მიღებული შედეგები თქვენი დაკვირვების, ბავშვთან ან მშობელთან საუბრის შედეგად გამოტანილ დასკვნებს?



პოზიცია № 1, 3, 6, 7 დაბრკოლებათა გადალახვის განწყობას გამოხატავს.

პოზიცია № 2, 11, 12, 18, 19 - კომუნიკაბელურობის, ურთიერთობისა და მეგობრული მხარდაჭერის მაუწყებელია.

პოზიცია № 4 - წარმატების მიღწევის, სირთულეების დაძლევის სურვილზე მიუთითებს

პოზიცია №5 - დაღლილობის, საერთო სისუსტის, ძალის მცირე მარაგის, სიმორცხვის გამომხატველია.

პოზიცია № 9 - გამოხატავს გართობის მოტივაციას.

პოზიცია №13, 21 - გარიყულობის, ჩაკეტილობის, შფოთვის მაჩვენებელია.

პოზიცია №8 - სასწავლო პროცესისგან ჩამოშორებაზე მეტყველებს.

პოზიცია №10, 15 - კომფორტული მდგომარეობის, ნორმალური ადაპტაციის მაუწყებელია.

პოზიცია №14 - კრიზისული მდგომარეობის, „უფსკრულში გადაჩეხვის" განცდაზე მიუთითებს.

პოზიცია №20 - მაღალ თვითშეფასებას, ლიდერობის განწყობას გამოხატავს.

პოზიცია №16 - სხვისი მოსამსახურის პოზიციაა.

პოზიცია №17- სხვა ადამიანის თავის სასარგებლოდ გამოყენების განწყობაზე მიუთითებს.



ინსტრუქციები საგანმანათლებლო ტექნოლოგიების თანამედროვე ტენდენციებზე


  ტექნოლოგიების განვითარება და სიმრავლე
თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მაღალი ტემპი ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს სასწავლო პროცესს. სულ უფრო ხშირად ჩნდება შეკითხვები, თუ როგორ უნდა შეიქმნას სასწავლო პროცესში ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენების ისეთი მოდელები, რომლებიც დროს გაუძლებს და ახალი ტექნოლოგიების მორიგ ტალღასთან ერთად არ მოძველდება.


ხშირად თვით ტექნოლოგია გვთავზობს აქამდე უცნობ შესაძლებლობებს ცოდნის გაღრმავებისა და თანამშრომლობისათვის. ასეთი სიახლეები წარმოდგენილი იყო საგანმანათლებლო ტექნოლოგიების უდიდეს გამოფენაზე - ბრიტანეთის ყოველწლიურ შოუზე: BETT.


სწორედ რამდენიმე ასეთი სიახლის მაგალითზე მიმოვიხილავთ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების თანამედროვე ტენდენციებს.


განათლებაზე მორგებული ტექნოლოგიები


განათლების სისტემებში ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვისადმი სხვადასხვა მიდგომა არსებობს, თუმცა ყველას აქვს გაცნობიერებული ამ ინიციატივის მნიშვნელობა. საქართველოში პირველკლასელთათვის ნეთბუკების დარიგება ამ მიმართულებით გადადგმული თამამი და ინოვაციური ნაბიჯია. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ტექნოლოგიების გამოყენების მეშვეობით განათლების ხარისხის გაზრდაა. ხშირად მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობაში განხორციელებულ ძვირადღირებულ ინვესტიციას შედეგი არ მოაქვს, ჩვეულებრივი კომპიუტერის და პროექტორის გამოყენებით კი უკეთესი შედეგების მიღწევა შეიძლება. ამ სფეროშიც გადამწყვეტია მასწავლებლის მომზადება და მზაობა, ეფექტიანად გამოიყენოს ტექნოლოგია. ზოგჯერ მასწავლებელი შეიძლება ვერ ერკვეოდეს მოწყობილობისა თუ პროგრამის ყველა დეტალში, მაგრამ ის უნდა ფლობდეს მოხმარების საბაზო უნარებს, სასწავლო პროცესში გამოყენების მეთოდებს. მასწავლებელს უნდა შეეძლოს, დაინახოს და განსაზღვროს გამოსაყენებლი ტექნოლოგიის ადგილი გაკვეთილის გეგმაში და მისი კავშირი სასწავლო გეგმასთან თუ სასწავლო მიზნებთან. ახლებურ გარემოში ხშირად ახლებური მიდგომების გამოყენებაც გარდაუვალია. მასწავლებლი, როგორ ინსტრუქტორი, ადგილს უთმობს მასწავლებელს, როგორც სასწავლო პროცესის წარმმართველს, ინდივიდუალურ მრჩეველს და ჯგუფური მუშაობის ფასილიტატორს.


მასწავლებელთა გადამზადების თანამედროვე საუკეთესო პროგრამები ორიენტირებულია, ტექნოლოგიების გამოყენებით, სასწავლო ამოცანების ეფექტიანად გადაწყვეტაზე. იმაზე, თუ რამდენად წარმატებულად დანერგავს ათვისებულ მეთოდებს მასწავლებელი სასწავლო პროცესში და რამდენად კარგად მოირგებს ახალ ფუნქციებს, დამოკიდებულია, საბოლოოდ, განათლების ხარისხის ზრდაც.


მიმდინარე ტენდენციები


მართალია, ახალი ტექნოლოგიები გაცილებით ხელმისაწვდომია მაღალგანვითარებული ქვეყნებისათვის, მაგრამ ისინი მალე იაფდება და მათი გამოყენების შესაძლებლობებიც იხვეწება. საბოლოოდ, სწორედ მაღალტექნოლოგიური საშუალებებით აღჭურვილ სკოლებში აპრობირებული სიახლეები ხდება ხელმისაწვდომი ყველასათვის. მაგალითად, მობილური ტელეფონი და მისი საშუალებით ინტერნეტის წვდომა უკვე ჩვეულებრივი რამ არის. შესაბამისად, აქცენტი გადადის არა ინფრასტრუქტურის შექმნაზე, არამედ მის სწორ გამოყენებაზე.


თუ 10 წლის წინ სკოლაში კომპიუტერის გამოყენება ნოვაციად ითვლებოდა, ახლა ხშირად ხდება სხვადასხვა მობილური მოწყობილობის ინტეგრაცია სასწავლო გარემოში. პლანშეტები და დიდეკრანიანი სმარტფონები სულ უფრო მეტ მომხმარებელს აქვს. ესენი მოსწავლისთვის ნაცნობი მოწყობილობებია, რომლების ათვისებას დამატებითი დრო და რესურსი არ სჭირდება.


კიდევ ერთი ბოლოდროინდელი ცვლილება სახლის კომპიუტერების რაოდენობის მკვეთრ ზრდას უკავშირდება. მასწავლებელს საშუალება ეძლევა, მოსწავლეს კომპიუტერის გამოყენებით შესასრულებელი საშინაო დავალება მისცეს და საგაკვეთილო დრო ცოდნის შემოწმებას ან ჯგუფურ მუშაობას მოახმაროს. ამ მოდელს მისდევს ვიდეოგაკვეთილების მზარდი პორტალი - ხანის აკადემია (khanacademy.org), სადაც განთავსებულია სხვადასხვა საგანში შექმნილი 3000-ზე მეტი 10-წუთიანი ვიდეოგაკვეთილი, რომელთა გამოყენებას მოსწავლეებს სწორედ სახლში ურჩევენ. გაკვეთილზე მასწავლებლები ნაკლებ დროს უთმობენ უშუალოდ საკითხების გადმოცემას და ყურადღებას აქცევენ ვიდეოგაკვეთილებში ასახულ მასალაზე დისკუსიას, მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას. ამგვარი ე.წ. "შებრუნებული გაკვეთილის” (flipped classroom) ერთ-ერთი უპირატესობა ისიცაა, რომ გაკვეთილის თემის ათვისება შეუძლია იმ მოსწავლესაც, ვინც ამა თუ იმ მიზეზით სასკოლო გაკვეთილს ვერ ესწრება. ეს მოდელი ასევე საშუალებას აძლევს მოსწავლეს, მეტი დრო დაუთმოს საკითხს და რამდენჯერმე ნახოს ვიდეოგაკვეთილი. ამავდროულად იზრდება სასწავლო პროცესში მშობლების ჩართულობაც. მათ შეუძლიათ, გარკვეულწილად, გააკონტროლონ დავალების შესრულება და თავადაც ჩაერთონ პროცესში.


საქართველოშიც არსებობს მსგავსი პორტალი, რომელიც ქართულენოვან ვიდეოგაკვეთილებს სთავაზობს მომხმარებელს. კოდალას აკადემიის პორტალზე kodala.ge ნახავთ 200-ზე მეტ მოკლე ვიდეოგაკვეთილს, ექსპერიმენტებს ქიმიაში, ბიოლოგიაში, მათემატიკაში, გეოგრაფიაში. ისინი სასწავლო გეგმას უკავშირდება და მათი გამოყენება შეიძლება გაკვეთილებზე, საშინაო დავალების შესრულებისას თუ გამოცდებისთვის მზადებისას.

კინეტიკური და სამგანზომილებიანი სასწავლო გარემო


ბოლო პერიოდის ტენდენციებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია შეხების ინტერფეისის მქონე მოწყობილობების რაოდენობის ზრდა. ეს არის სმარტფონები, პლანშეტები, კომპიუტერის ეკრანები და სხვადასხვა ზომის დაფები. Windows 8 ოპერაციული სისტემის გამოსვლის შემდეგ ასეთი კომპიუტერების რიცხვი მკვეთრად იზრდება. ეკრანზე შეხებით ინფორმაციის შეყვანა და კომპიუტერული თუ მობილური მოწყობილობის მართვა ყველასათვის მეტ-ნაკლებად ნაცნობი პროცესია, თუმცა ტექნოლოგია კიდევ უფრო შორს მიდის.


კინეტიკური ტექნოლოგიები უკვე გამოიყენება კომპიუტერულ თამაშებში. ხდება მათი მოდელების ტესტირება საგანმანათლებლო მიზნებისთვისაც. მაგალითისთვის გამოდგება Microsoft-ის სამგანზომილებიანი ვირტუალური ობიექტების შექმნის პროექტი, როცა მომხმარებელი ეკრანის სიბრტყეზე მოცემულ ობიექტს კი არ ეხება, არამედ სამგანზომილებიან სივრცეში დანახულ და აღქმულ ობიექტს, მაგალითად, გეომეტრიულ ფიგურას, ხელსაწყოს ნაწილს და სხვა.


1-1-ზე სწავლება


განსაკუთრებულია ტექნოლოგიების როლი ინდივიდუალური სასწავლო გარემოს შექმნაში. ე.წ. 1-1-ზე სწავლების მოდელებში იგულისხმება ყველა მოსწავლის მიერ ერთი ტიპის მოწყობილობის ინდივიდუალურად გამოყენება: 1 მოსწავლეს აქვს 1 კომპიუტერი, 1 პლანშეტი ან სხვა მოწყობილობა. ასეთ მოდელს გვთავაზობს "ბუკის” პროგრამაც. რითია მიმზიდველი ინდივიდუალური სასწავლო გარემო? მკვლევარები გამოყოფენ რამდენიმე უპირატესობას:


1. შესაძლებელია მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო საჭიროებების სწრაფად და ეფექტიანად დადგენა. შესაბამისად, მომდევნო დავალებებში ყურადღება მახვილდება სუსტი მხარეების აღმოფხვრასა და გაუგებარი საკითხების ათვისებაზე.


2. შესაძლებელია მოსწავლეთა ცოდნის შეფასება უფრო ხშირად მოხდეს ელექტრონული ტესტირების გამოყენებით.


3. ინდივიდუალური კომპიუტერებით შესაძლებელია მულტიმედია სასწავლო რესურსზე ყველა მოსწავლის წვდომის უზრუნველყოფა, პრაქტიკული დავალებების ერთდროულად შესრულება და შედეგების მყისიერი დაფიქსირება.


4. ინდივიდუალური მოწყობილობა აადვილებს თანამშრომლობას და ცოდნის გაზიარებას მოსწავლეებს შორის. ამ შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირად კომპიუტერს მოსწავლეები საერთო სასწავლო გარემოში იყენებენ. რომელიმე საკითხში კარგად გარკვეულ მოსწავლეს შეუძლია დაეხმაროს თანატოლს მასალის დაძლევასა და დავალების შესრულებაში.


5. ინდივიდუალური სასწავლო გარემო შემოქმედებითობის განვითარებასაც უწყობს ხელს. მოსწავლეს შეუძლია ადვილად მოიძიოს საჭირო რესურსები და საკუთარი კომპიუტერის მეშვეობით განახორციელოს, მაგალითად, ინდივიდუალური პროექტი.


ინდივიდუალურ სასწავლო გარემოში მასწავლებელი მთავარ როლს ასრულებს. მას აქვს პროცესის მართვის საშუალება, ის საკუთარ კომპიუტერზე ხედავს ყველა მოსწავლის აქტივობას და ტესტირების შედეგებს, ზოგჯერ პირდაპირ კომპიუტერიდან იძლევა დავალებას და ახდენს შეფასებას.


ვებ-რესურსები


ინტერნეტში არსებული ინფორმაციის ზრდასთან ერთად იზრდება საგანმანათლებლო მასალების რაოდენობაც. თანამედროვე ტენდენციებიდან აღსანიშნავია მულტიმედია სასწავლო რესურსების კოლექციების გამდიდრება. ვიდეომასალა ახლა თითქმის უკვე ყველა თემისთვის და ყველა საფეხურისთვის არსებობს.


სასარგებლო რესურსები მოიცავს ე.წ. ვებ-აპლიკაციებს. აქ შეიძლება მოვიხსენიოთ საპრეზენტაციო ონლაინ პროგრამა პრეზი (იხ. Prezi.com) ან შედარებით ნაცნობი ბლოგების შესაქმნელი ვებ-გვერდი: blogger.com. ასევე პოპულარულია ინტერნეტ გამოკითხვების შესაქმნელი სერვისები (მაგ.: polleverywhere.com), რომლების საშუალებითაც სწრაფად შეიძლება ტესტის ან კითხვარის შექმნა და კლასის გამოკითხვა, როგორც კომპიუტერებით, ისე მობილურებით. კიდევ ერთი საინტერესო სერვისია ეკრანის ჩამწერი Jing (www.techsmith.com/jing.html). მისი მეშვეობით შეიძლება ეკრანზე გამოტანილი ინფორმაციის ჩაწერა მოკლე ვიდეოს სახით და შემდგომი გაზიარება. ეს გამოიყენება როგორც სასწავლო მასალის გავრცელებისათვის, ასევე მოსწავლეთა ნამუშევრების შესაქმნელად და შესაფასებლად.


ინტერნეტში მრავლადაა ღია, თავისუფლად გავრცელებადი სასწავლო რესურსი, თუმცა ზოგჯერ ხარისხიან სასწავლო მასალებზე წვდომა ფასიანია. მაგალითად, ბრიტანულ რესურსზე Twig (www.twig-world.com) ვიდეოგაკვეთილებთან ერთად მოიპოვება დამატებითი საგაკვეთილო რესურსები. კომერციული სასწავლო მასალების და პროგრამების შეთავაზება სულ უფრო ხშირად ხდება ავტორის ვებპორტალზე ხელმოწერის შეძენით და არა მომხმარებლის მიერ მათი გადმოწერით ან საკუთარ კომპიუტერზე დაყენებით. ასე რომ, ელექტრონული პროდუქტების და პროგრამების დისტანციურად შეთავაზებამ განათლების სერვისებშიც დაიმკიდრა ადგილი.

თარგმნა, მორგება, გამოყენება.


სასწავლო რესურსების უმრავლესობა უცხოენოვანია. განსაკუთრებით მრავლად მოიპოვება ინგლისურენოვანი მასალები. აღსანიშნავია, რომ ინგლისური ენის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა კომპიუტერის და ინტერნეტის გამოყენებისათვის, ზოგადად, სასურველია. თუ მასწავლებელს სურს, რომ ხარისხიანი მულტიმედია მასალებით გაამდიდროს საკუთარი საგაკვეთილო პროცესი, აუცილებელია უცხო ენაზე საგნის სპეციფიკური ტერმინოლოგიის ცოდნაც. აღსანიშნავია, რომ მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ტერმინების რაოდენობა დიდი არ არის და ხშირად ფორმულების თუ ვიზუალური მასალის აღქმა ადვილად შეიძლება. ზოგიერთ პოპულარულ რესურსს მოხალისეები თარგმნიან. ასეთია ხსენებული ხანის აკადემია ან პოპულარული TED.com, სადაც სხვადასხვა დარგის გამორჩეული მკვლევარები და ექსპერტები პოპულარული ლექციის ფორმით უზიარებენ აუდიტორიას ბოლო მიღწევებს ან არატრივიალურ იდეებს.


სასწავლო პროცესში ტექნოლოგიური მიღწევების დანერგვა მასწავლებლისაგან გარკვეულ ენთუზიაზმს და თვითგანვითარებაზე ზრუნვას მოითხოვს. ინტერნეტი და ტექნოლოგიები გზას უხსნის მას იმისაკენ, რომ სწავლების პროცესი უნიკალურ და დაუვიწყარ შემოქმედებით პროცესად გადააქციოს. ცხადია, ასეთ პროცესში სრულად ჩართული მოსწავლე უკეთ გაართმევს თავს სასწავლო ამოცანებს.



საგანმანათლებლო რესურსები

ამბის მიტანა - პასუხისმგებლობიანი ქცევა თუ ირიბი აგრესიის გამოხატულება

დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ხშირად მიაქვთ ენა მასწავლებლებთან, რომ თანაკლასელმა მათ აწყენინა ან, უბრალოდ, არასწორად მოიქცა. პედაგოგები დილემის წინაშე დგებიან: როგორ მოახდინონ რეაგირება იმგვარად, რომ არც მოსწავლის ჩივილი დატოვონ უყურადღებოდ და არც ასეთი ქცევა განუმტკიცონ?

ენის/ამბის მიტანა ქცევის დასწავლილ ტიპს მიეკუთვნება, რომელიც უმთავრესად უფროსი სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის არის დამახასიათებელი. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, თუ უფროსმა ამაზე არასწორი რეაგირება მოახდინა, შესაძლოა, ამგვარი ქცევა უფროს ასაკში ჩამოყალიბდეს სხვისი განკიცხვის, ჭორაობის ჩვევად, რაც აგრესიის ირიბ გამოვლენას წარმოადგენს.

თუ ბავშვს ხშირად მიაქვს ენა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოტივს: მას ან სხვა ბავშვს მართლა ემუქრებათ საფრთხე; ბავშვმა არ იცის, როგორ მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში და დახმარებისთვის უფროსს მიმართავს; მიაჩნია, რომ დაბეზღებით გიცავთ თქვენ; გაბრაზებულია ვინმეზე და ენის მიტანით ცდილობს მასზე შურისძიებას; ახდენს ძალაუფლების დემონსტრირებას (სხვისი ვნება სხვისი ხელით კონტროლის მნიშვნელოვანი მექანიზმია); უბრალოდ, უმართებულო ფორმით ცდილობს თქვენი ყურადღების მიპყრობას (მაგ.: „მასწ, დღეს მე შევასრულე დავალება, ლუკამ კი - არა!")

საგულისხმოა ისიც, რომ დაბეზღება ხელს უშლის ჯგუფში თანამშრომლობითი ატმოსფეროს შექმნას. ამგვარმა ქცევამ შესაძლოა გაამწვაოს ურთიერთობა სიბლინგებს (და-ძმას) შორისაც.

გთავაზობთ სამ ძირითად ნაბიჯს ამ პრობლემის მოსაგვარებლად:

1-ელი ნაბიჯი: დაბეზღებასა და ამბის შეტყობინებას შორის განსხვავების დაფიქსირება

უფროსისთვის იმის შეტყობინება, რომ თანაკლასელმა რაიმე დაიშავა ან შეიძლება დაიშავოს, ენის მიტანა/დაბეზღება არ არის. ეს პასუხისმგებლობიანი ქცევაა. ამ შემთხვევაში ქცევის მიზანი საფრთხის თავიდან აცილება/შემცირებაა და არა სხვისთვის ზიანის მიყენება. ბავშვს მადლობა უნდა გადავუხადოთ იმისთვის, რომ დროულად შეამჩნია საფრთხე და ვითარების გამოსწორება სცადა. სასურველია, ბავშვმა იცოდეს, ვის მიმართოს ამა თუ იმ შემთხვევაში დახმარებისთვის. შეგვიძლია, მას სიტუაციური ამოცანებიც შევთავაზოთ იმის გასაგებად, რომელი ქცევა ემსახურება თავის/სხვის დაცვას და რომელი - სხვისთვის ზიანის მიყენებას, რათა ბავშვმა მათ შორის განსხვავება დაინახოს. მაგ., მაიამ შეამჩნია, რომ ბიჭები კიბის მოაჯირზე სრიალებდნენ და უფროსებს შეატყობინა - ამ შემთხვევაში მაიამ იზრუნა სხვებზე; თანაკლასელი მაიას ეუბნება, რომ აღარ იმეგობრებს მასთან, თუ არ მისწერს მეორე თანაკლასელს შეურაცხმყოფელ წერილს - აქ მაიას დახმარება, დაცვა ან იმის სწავლება სჭირდება, როგორ უნდა განახორციელოს ასერტული ქცევა. ასეთ ვითარებაში კარგია, რომ მოსწავლემ თქვენ მოგმართათ დახმარებისთვის. მაგრამ თუ მაიას სურდა ეჩვენებინა, რომ ის სხვებზე უკეთ ასრულებს დავალებას და განაცხადა, მე ფაქიზად შევასრულე ის, სხვებმა კი ულამაზოდო, ამით მან სხვების მიმართ ინსტრუმენტული აგრესია გამოავლინა - ხაზი გაუსვა საკუთარ უპირატესობას (სიტუაციების შეთხზვისას ამბავი გამოგონილ პერსონაჟებს უნდა ეხებოდეს და არა რეალურ ადამიანებს).

მე-2 ნაბიჯი: „არ ვაბეზღებთ ერთმანეთს!"

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები დაინახავენ განსხვავებას ზიანის მიყენების, შურისძიების, საკუთარი უპირატესობის ხაზგასმისკენ მიმართულ ქცევასა და საფრთხის შემცველი სიტუაციის შესახებ გამაფრთხილებელ ქცევას შორის, უნდა შემოვიღოთ წესი: არ ვაბეზღებთ ერთმანეთს! უნდა დავეხმაროთ მოსწავლეებს ერთი რამის გაცნობიერებაში: „თუ ეს არ გავამხილე, ამით მე ან ჩემ გარშემო მყოფები ხომ არ დავზარალდებით? სასარგებლოა თუ უსარგებლო ეს შეტყობინება ჩვენთვის?" ამგვარი კითხვების დასმით თქვენ ხაზს უსვამთ, რომ მოისმენთ მხოლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას.

მე-3 ნაბიჯი: პრობლემებთან გამკლავების უნარის განვითარება

უფროსისთვის ამბის მიტანის მიზეზი ხშირად ის არის, რომ ბავშვმა არ იცის, როგორ მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში და თქვენ გთხოვთ მასზე რეაგირებას. ბუნებრივია, უფროსები უნდა დავეხმაროთ ბავშვებს, მაგრამ თუ ყოველთვის ჩვენ მოვუგვარებთ პრობლემებს, ისინი ვერ ისწავლიან სირთულეების დაძლევას და ვერ ირწმუნებენ, რომ ზოგიერთი პრობლემის მოგვარება უკვე დამოუკიდებლადაც შეუძლიათ. თუ ბავშვი ხშირად მოგმართავთ თხოვნით, მოუგვაროთ პრობლემა, თქვენ კი მიგაჩნიათ, რომ ზოგიერთი დაბრკოლების გადალახვა მას უკვე დამოუკიდებლად უნდა შეეძლოს, ხელი შეუწყვეთ აღნიშნული უნარის განვითარებას. ამაში ოთხსაფეხურიანი მოდელი დაგეხმარებათ.

მოდელის სადემონსტრაციოდ გთავაზობთ სიტუაციას, რომელიც და-ძმას - კოტესა და სოფოს ეხება. სოფო 10 წლისაა, კოტე კი 6-ის.

სოფო მიმართავს დედას: „გინდა გითხრა, რას აკეთებს კოტე?"

1. უპირველესად, მნიშვნელოვანია, ერთი რამ: სანამ ამბავს მოგიტანდეთ, ბავშვი დაფიქრდეს, მისი საქმეა თუ არა ეს. სთხოვეთ სოფოს, დაფიქრდეს, ეხება თუ არა მას კოტეს ქცევა.

2. იმის გაანალიზება, რაში მდგომარეობს პრობლემა. მაგ., კოტემ შესაძლოა რამე დაიშავოს - ის კარადიდან ჭიქის აღებას ცდილობს და შესაძლოა ჩამოვარდეს.

აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე, პირველი ორი საფეხური რომ გავაანალიზოთ, კოტეს ქცევა საფრთხის შემცველია - ის ჩემი ძმაა და შესაძლოა დაშავდეს, მაშ, ეს ქცევა გვეხება ჩვენ და მისი გამოსწორება უნდა ვცადოთ. მაგრამ თუ კოტე თანაკლასელს ახალი მულტფილმის შესახებ უყვება, ეს უკვე მისი პირადი საქმეა.

3. რით შეგიძლია პრობლემის მოგვარება? – „მე შემიძლია ჩამოვუღო ჭიქა, ან მივცე სხვა, რომელიც უფრო ხელმისაწვდომ ადგილას დგას".

4. პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზის არჩევა და მისი განხორციელება. „რა ჯობს, სოფო?" – „ჯობს, სხვა ჭიქა მივცე". აქ საჭიროა დაზუსტება: „შეგიძლია, თავად მისცე ჭიქა ძმას?"

ამის შემდეგ აუცილებლად უნდა შევაქოთ სოფო იმისთვის, რომ ძმას დაეხმარა.

ამგვარი მოდელით ბავშვმა უნდა განასხვაოს შეტყობინება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ უბრალო ჭორაობისგან/დაბეზღებისგან. მან უნდა იცოდეს: თუ მიაჩნია, რომ მას ან სხვას საფრთხე ემუქრებათ, აუცილებლად უნდა გაუწყოთ ამის შესახებ; მოგმართოთ მაშინაც, როცა დაბნეულია და არ იცის, როგორ მოიქცეს. ასეთ დროს მას მადლობა უნდა გადაუხადოთ ნდობისთვის და დაეხმაროთ როგორც პრობლემის მოგვარებაში, ისე მის მოსაგვარებლად საჭირო უნარების განვითარებაში.

Friday, December 6, 2013

სწავლის პროგრესის შეფასების ამსახველი მასალა და მიღწეული შედეგების ანგარიში

მოსწავლეთა სწავლის პროგრესის შეფასების მეთოდების ამსახველი მასალა

               თვითოეული მოსწავლისათვის ვადგენ იმ კრიტერიუმებს  ,რითაც მოსწავლისათვი მისაღწევი შედეგების გაზომვას შევძლებ. ამ კრიტერიუმებს სქემის სახით ვაყალიბებ და თვითოეულ მათგანს სამ ხარისხიან შეფასებას ვაძლევ : ყოველთვის, ზოგჯერ, არასდროს ამით ვქმნი მისაღწევი შედეგის შეფასების ინსტრუმენტს- შეფასების სქემას-რომელიც ასე გამოიყურება



ყოველთვის
ზოგჯერ
არასდროს
ასრულებს საშინაო დავალებებს



შეუძლია გუნდში მუშაობა



აქტიურად ერთვება დისკუსიებში




 ამის შემდეგ ვგეგმავ ისეთ ღონისძიებებს ,რითაც შვძლევ სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. დავუთმობ დროს ისეთ აქტივობებს როგორიცაა როლური თამაშები.ძიება მისთვის საინტერესო მასალის ინტერნეტში. მივცემ უფლებას თვითონ შეარჩიოს საპრეზენტაციო თემა.
პერიოდულად მოსწავლეს ვაფასებ ამ სქემის საშუალებით ვგეგმავ და ვახორციელებ მისი პრობლემის დაძლევის გზებს .ამ შეფასების სქემის საშუალებით ადვილად ვაფასებ მოსწავლის სწავლის პროგრესს.
          ვიცავ შეფასების ძირითად პრინციპებს ეს პრინციპებია: სანდოობა ვალიდურობა, გამჭვირვალობა და ობიექტურობა.

გამოყენებული სასწავლო სტრატეგიის მოკლე აღწერა

      ვიცი-მინდა  ვიცოდე-ვისწავლე

      სტრატეგიას ვიყენებ ახალი ტექსტის დასამუშავებლად. ახალი ტექსტის წაკითხვამდე მოსწავლეები თანმიმდევრულად ავსებენ ჯერ პირველ (ვიცი), შემდეგ მეორე სვეტს (მინდა ვიცოდე). ხოლო ტექსტის წაკითხვის შემდეგ ავსებენ მესამე (ვისწავლე) სვეტს.



  • ვიცი
  • მინდა ვიცოდე
  • ვისწავლე




მაგალითად:
  •                 ვიცი- New Microsoft Office Word Document-ში                                      ბეჭდვა.


  •                    მინდა ვიცოდე - New Microsoft Office Word                                                             Document-ში ცხრილების                                                                გაკეთება.
  •                   ვისწავლე-ტექსტის გაფორმება შრიფტის შეცვლა                                         და გაფერადება.
  • სტრატეგია ეფექტიანია რადგან მოსწავლეებს ეხმარება დამოუკიდებელ აზროვნებაში და სასწავლო თემის უკეთ გააზრებაში. 
  • ბმულები სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსებზე


    სწავლებისათვის სასარგებლო ინტერნეტ-ინსტრუმენტები

                   საგანმანათლებლო რესურსების მრავალფეროვნება მნიშვნელოვნად გაიზარდა ინტერნეტის საყოველთაო გავრცელების შემდეგ. თავდაპირველად ასეთი მასალები და ინსტრუმენტები უშუალოდ სასწავლო პროცესზე მორგებული არ იყო. განათლების სპეციალისტების მიერ ტექნოლოგიების ათვისებასთან ერთად, შეიქმნა უამრავი სასარგებლო რესურსი თუ საშუალება, რომელთა გამოყენება ყველა დაინტერესებულ მასწავლებელს შეუძლია. ზოგიერთი ასეთი რესურსის ავტორები თავად მასწავლებლები არიან. გავეცნოთ პოპულარულ ინტერნეტ-ინსტრუმენტებს.
    ინტერნეტში ხელმისაწვდომი ისეთი სასწავლო მასალების გარდა, როგორიცაა, მაგალითად, ვიდეოგაკვეთილები ან სხვა მულტიმედია რესურსები, სულ უფრო მეტ პოპულარულობას იძენს ვებ 2.0 სოციალური მედია. საგანმანათლებლო მიზნებით ასეთი ინსტრუმენტების გამოყენებისათვის უნდა დარეგისტრირდეთ შესაბამის ვებგვერდებზე - ისე, როგორც რეგისტრირდებით ახალი ელფოსტის ან ფეისბუქის გვერდის შექმნისას.ვებ 2.0 სასწავლო გარემო
    ბლოგები
    თანამშრომლობითი სასწავლო პროცესის განსახორციელებლად სულ უფრო ხშირად იყენებენ ბლოგებს, ანუ ინტერნეტ ელექტრონულ ჟურნალებს. ზოგიერთი ასეთი საიტი ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგალითად, ვებ-ტექნოლოგიების გლობალური ლიდერის, კომპანია Google-ის ბლოგების გენერატორი Blogger.com. აქ ბლოგის შესაქმნელად საკმარისია გქონდეთ ან შექმნათ Gmail ელექტრონული ფოსტის მისამართი და გაიაროთ ბლოგის შექმნის პროცედურა.
    სასწავლო პროცესში ბლოგები გამოიყენება მოსწავლეების მოსაზრებების შესაგროვებლად, ნასწავლის გასააზრებლად ან სასწავლო თემის ირგვლივ დებატების ჩასატარებლად.
    ბლოგების საინტერესო გამოყენების მაგალითი ლიტერატურის სწავლებაში არის ე.წ. პერსონაჟთა ჟურნალები. სასწავლო პროექტში მოსწავლეებს უნაწილდებათ რომელიმე ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟების როლები და შემდეგ ევალებათ ბლოგის წარმოება ამ პერსონაჟების თვალთახედვიდან. ასეთი ბლოგების წარმოება ხელს უწყობს როგორც ნაწარმოების სიღმისეულად შესწავლას, მნიშვნელოვანი თემების გათავისებას, ასევე ისტ უნარების განვითარებას და შეფასებას.

    ამჟამად შექმნილია სპეციალიზებული სასწავლო სოციალური პლატფორმები, სადაც შეგიძლიათ წარმართოთ სასწავლო პროცესი თქვენს კლასთან, მისცეთ დავალებები მოსწავლეებს, გაუზიაროთ რესურსები და დაგეგმოთ გაკვეთილები. ასეთი ვებსაიტებიდან ყველაზე პოპულარულია edmodo.com.
    არსებობს ასევე სპეციალურად საგანმანათლებლო მიზნებით შექმნილი ბლოგების პლატფორმები, როგორიცაა edublog.org, სადაც ინტეგრირებულია ბლოგები და კლასის მართვის სისტემები.
    ვიკი
    სასწავლო პრაქტიკაში კიდევ ერთი გავრცელებული ინსტრუმენტია სასწავლო ვიკი, ანუ ვიკიპედიის სტრუქტურის მქონე თანამშრომლობითი ვებგვერდი. ვიკის რედაქტირება შეუძლია კლასის ან ჯგუფის ყველა მოსწავლეს. ვიკის გამოყენების მაგალითებია: ჯგუფური წერა, ვებგვერდის ერთობლივი განვითარება, ინფორმაციის მოგროვება რომელიმე სასწავლო საკითხზე, ელექტრონული ცნობარის შექმნა, მოსწავლის პორტფოლიოს განთავსება, გაკვეთილების გეგმების ატვირთვა, სასწავლო პროექტის დაგეგმვა და მიმდინარეობის მართვა. ვიკიზე შესაძლებელია მულტიმედია ფაილების განთავსება და გაზიარებაც. ვიკის შესაქმნელად შესაძლებელია სპეციალური პროგრამის გადმოწერა, მაგრამ უფრო მოსახერხებელია ვიკი მომსახურების ვებგვერდების გამოყენება. ყველაზე პოპულარულია wikispaces.com, რომელსაც საგანმანათლებლო საჭიროებებისთვის განკუთვნილი დიზაინიც აქვს. ვებგვერდზე რეგისტრირების შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიკის საბაზო ინტერფეისი, ან მოარგოთ ის თქვენს საჭიროებებს და შექმნათ საკუთარი ვებგვერდი. ვიკიზე შეგიძლიათ გქონდეთ განყოფილებები და ცალკეული საკითხებისადმი მიძღვნილი გვერდები. სასწავლო შინაარსით ვიკის დატვირთვისას საიტის გამართული სტრუქტურის შექმნა და ინფორმაციის სწორად განთავსება არსებითია. რომელიმე სასწავლო თემისადმი მიძღვნილი ვიკი წარმატებულია თუ: მასში გადმოცემულია მრავალფეროვანი ინფორმაცია სასწავლო თემაზე; მასალა დეტალურად არის მოცემული ვიკის სხვადასხვა შიდა გვერდზე; ვიკის ენა გამართული და ადვილად აღსაქმელია, მითითებულია წყაროები; ჩასმულია შესაბამისი ვიზუალური მასალა, ინფორმაციაზე დამატებულია ბმულები და ა.შ.
    საუკეთესო საგანმანათლებლო ვიკი საიტად რამდენჯერმე აღიარეს "მისალმებები მსოფლიოდან”, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მოსწავლეების მიერ შექმნილ ელექტრონულ პოსტერებს საკუთარი გარემოსა თუ ქვეყნის შესახებ. ამჟამად ვიკი საიტზე თავმოყრილია 300-მდე ინტერაქტიული პოსტერი მსოფლიოს ყველა კონტინენტის სკოლებიდან.
    ასეთ ელექტრონულ პოსტერებს გლოგებს ეძახიან და ეს კიდევ ერთი სასარგებლო რესურსია.
    გლოგი
    გლოგების - მედია ელემენტებით გამდიდრებული ელექტრონული პოსტერების შესაქმნელად საუკეთესო გვერდია edu.glogster.com. აშშ-ში ის უმთავრეს ონლაინ სასწავლო ინსტრუმენტად არის აღიარებული. მისი ინტერაქტიული პლატფორმის საშუალებით შეგიძლიათ შექმნათ პოსტერი ან ვებგვერდი, რომელიც მოიცავს მულტიმედია ელემენტებს, ტექსტს, აუდიოს, ნახატებს, გრაფიკას და მონაცემებს. ასეთი მულტიმედია ელექტრონული პოსტერები შეგიძლიათ გამოიყენოთ სასწავლო დავალებებისთვის, საკლასო პროექტისთვის, ინფორმაციის თავმოსაყრელად, ელექტრონული ცნობარის შესაქმნელად. გლოგების დაგეგმვისას მასწავლებელი ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმის კონკრეტული სტანდარტების შედეგებს, რომელთა მიღწევაც სურს. ასევე მნიშვნელოვანია ტექსტური ინფორმაციის და მულტიმედია ჩანართების ბალანსი, რათა ელექტრონული პოსტერი იოლად აღქმადი იყოს. მაგალითად, საკუთარ ქვეყნებზე შექმნილ გლოგებში მოსწავლეები რთავენ ღირშესანიშნავ თარიღებს, პეიზაჟებს, ხალხური სიმღერისა და ცეკვის ამსახველ ვიდეოებს, რაც შეჯერებულია ტექსტურ ინფორმაციასთან.
    გლოგების შექმნა შესაძლებელია ასევე გაკვეთილების დასაგეგმად, ტრენინგებისა და პროფესიული განვითარებისთვის.
    ონლაინ გამოკითხვები და ტესტები
    კიდევ ერთი გავრცელებული ონლაინ ინსტრუმენტია ტესტების, გამოკითხვების და კვლევების შესაქმნელი ვებგვერდები. ასეთი ინსტრუმენტი შეგიძლიათ გამოიყენოთ გაკვეთილის მიმდინარეობისას, ან შეფასების ორგანიზებისათვის. გამოკითხვის ან ტესტის ნაბეჭდი/წერილობითი ფორმის ნაცვლად გამოიყენებთ ელექტრონულ ვებ ინსტრუმენტს. თქვენ სვამთ შეკითხვას და უთითებთ პასუხის რამდენიმე ვარიანტს. თქვენი აუდიტორია პასუხობს ინტერნეტ-ბრაუზერის მეშვეობით ან მობილური ტელეფონით გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით. პასუხებს იღებთ ძალიან სწრაფად, შესაბამისად, უმალვე ამოწმებთ ამა თუ იმ მოსწავლის ცოდნას, ან იღებთ კლასისგან უკუკავშირს. ასეთი გამოკითხვები შეგიძლიათ გამოიყენოთ კონკრეტული კითხვებისთვის, ფაქტობრივი ცოდნის დასადგენად - მაგალითად, ისტორიული თარიღის ცოდნის შემოწმებისას, ან არჩევანის გაკეთების დროს ხმის მისაცემად.

    სასწავლო მიზნებით ხშირად გამოიყენება www.polleverywhere.com. ის უფასოა ისეთი გამოკითხვების ჩატარების დროს, რომელშიც 40 მოსწავლემდე მონაწილეობს. ტესტის ან გამოკითხვის შედგენა ამ ვებგვერდის მეშვეობით საკმაოდ ადვილია.
    სხვადასხვა რესურსი
    სასარგებლო ინსტრუმენტების კოლექციაა თავმოყრილი ვებგვერდზე www.classtools.net. აქ შეგხვდებათ ე.წ. თევზის ჩონჩხის დიაგრამის გენერატორი, რომლის შევსება და შენახვაც შეგიძლიათ.
    ასევე, ნახავთ წამზომს უკუთვლით, რომელიც შეგიძლიათ მთელ კლასს აჩვენოთ პროექტორით, დავალების შესასრულებლად მიცემული დროის კონტროლის მიზნით.
    ამ ვებგვერდზე საინტერესოა ასევე გარკვეული ისტორიული ეპოქის ან სხვა მოვლენების დროში გაწერილი რუკის (თაიმლაინი) შესაქმნელი გენერატორი. თქვენ მიუთითებთ საწყის და საბოლოო თარიღებს და შესაბამის თარიღთან მოათავსებთ ამა თუ იმ მოვლენის სახელწოდებას. დროით რუკას შეგიძლიათ დაურთოთ კომენტარები და შეინახოთ.
    სხვა მოსახერხებელი ვებგვერდებიდან აღსანიშნავია პოპულარული slideshare.net, სადაც შეგიძლიათ ატვირთოთ და ყველას გაუზიაროთ თქვენი პრეზენტაციები.
    ტექნოლოგიები და ინტერნეტი სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება, იქმნება ახალი შესაძლებლობები, რომ მოიპოვოთ რესურსები სწავლებისათვის, გაამდიდროთ გაკვეთილები ინტერაქტიული პროგრამებით და მულტიმედია მასალებით, გაუზიაროთ თქვენი გამოცდილება სხვებს, ისწავლოთ და ასწავლოთ ხალისიანად. თუ ასეთი ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება თქვენთვის სირთულეს წარმოადგენს, შეგიძლიათ ისარგებლოთ იმ კოლეგების რჩევებით, ვინც უფრო აქტიურად იყენებს ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესში. ზოგიერთი ასეთი ინსტრუმენტი სულ უფრო ფართოდ ინერგება და შესულია მასწავლებელთა გადამზადების ცენტრის ისტ ტრენინგების პროგრამაშიც.



    საინტერესო ტესტი - რამდენად მოტივირებულია მოსწავლე
    მოტივაციის პრობლემა თვალნათლივ გვიჩვენებს, რა ღრმად შეიძლება შეიჭრას ფსიქოლოგია საკლასო ოთახში, რამდენი რამ განსაზღვროს. თვით რავენიც კი, ინტელექტის ყველაზე პოპულარული ტესტის ავტორი, თავის წიგნში „კომპეტენტურობა თანამედროვე სამყაროში" წერდა: „ქცევა გაცილებით მეტად განისაზღვრება მოტივაციით, ვიდრე უნარით". მაინც რა არის მოტივი? ამ ცნების მრავალგვარი განმარტება არსებობს. დ. უზნაძე მოტივს ქცევის ფსიქოლოგიურ საფუძველს უწოდებდა. მისი განმარტების თანახმად, ეს არის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც აღძრავს, წარმართავს და უზრუნველყოფს ქცევას.მასწავლებლისთვის მთავარია იცოდეს, რატომ არის, რომ ზოგიერთი მოსწავლე ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა სწავლაში მაღალ შედეგებს მიაღწიოს, ზოგიერთი კი არა.ფსიქოლოგებმა სცადეს იმ ფაქტორების განსაზღვრა, რომლებიც სწავლაში მიღწევებს განაპირობებს. ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა შემდეგი ფაქტორები: უნარი, მოტივაცია და სწავლების ხარისხი.მოტივის შესახებ მრავალი მითი არსებობს:მითი 1 - თუ მოსწავლეები აქტიურად არ არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი არ არიან მოტივირებულნი.მითი 2 - მარცხი კარგი მოტივაციაა.მითი 3 - სწავლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოტივაცია.მითი 4 - მოსწავლეებს მოტივაციას მასწავლებლები უქმნიან.მითი 5 - მუქარა ამაღლებს მოტივაციას.მითი 6 - მოტივაციის ამაღლება ავტომატურად ზრდის სწავლების ეფექტს.ვნახოთ, რას ფიქრობენ ფსიქოლოგები ამ მითების შესახებ.1. მოსწავლეს შესაძლოა არ ჰქონდეს სწავლის მოტივაცია, მაგრამ მოტივირებული იყოს სხვა რამისთვის. ამ შემთხვევაში შესაძლოა კლასში დისციპლინის პრობლემამ იჩინოს თავი.2. მარცხი სასარგებლო გამოცდილებაა, მაგრამ ქრონიკულ მარცხს შესაძლოა უამრავი პრობლემა მოჰყვეს.3. ზოგი იტყვის, რომ სკოლაში მთავარია შინაარსი, მაგრამ იგი სწავლის მისიას ვერ შეასრულებს, ვიდრე სწავლა მნიშვნელობას იქნება მოკლებული მოსწავლისთვის.4. მასწავლებელი მხოლოდ ეხმარება მოსწავლეებს შინაგანი მოტივაციის შექმნაში.5. კლასის უარყოფითი ატმოსფერო სწავლის მოტივაციას ასუსტებს.6. მოტივაცია თანდათან სუსტდება და შესაძლოა გაქრეს, თუ არ იქნა გათვალისწინებული სხვა მომენტები. მაგალითად, ცუდი დაგეგმვა, სუსტი კონტროლი და სხვა სწავლის მოტივაციას ასუსტებს.ცნობილია, რომ გამოყოფენ მოტივაციის აღმძვრელ შინაგან და გარეგან ფაქტორებს. შინაგანი ფაქტორია, როდესაც მოქმედებას აღძრავს ამ საქმიანობისგან (ჩვენს შემთხვევაში – სწავლისგან) მიღებული სიამოვნებისკენ სწრაფვა, ანუ ინტერესი, გარეგანი - როდესაც ადამიანს სურვილს (ჩვენს შემთხვევაში - სწავლისას) გარედან მოსული სტიმულები აღუძრავს.გაინტერესებთ, როგორ არის საქმე ამ თვალსაზრისით თქვენი საგნის სწავლა/სწავლებისას? შეგიძლიათ ჩაატაროთ მცირე გამოკვლევა (თუ გაინტერესებთ ზოგადი სურათი და მეტი სანდოობა, გამოკითხვა ანონიმურად ჩაატარეთ).მოსწავლეებს ეძლევათ ინსტრუქცია: წაიკითხეთ ყოველი დებულება და გამოხატეთ დამოკიდებულება იმ საგნის მიმართ, რომელსაც მე გასწავლით. დებულებას გვერდით მიუწერეთ თქვენი პასუხი - „კი" ან „არა". 

    1. საგნის შესწავლა შესაძლებლობას მომცემს, ჩემთვის მნიშვნელოვანი რამ შევიტყო, გამოვავლინო ჩემი უნარები

    2. საგანი მაინტერესებს და მსურს, რაც შეიძლება მეტი ვიცოდე ამ სფეროში.

    3. ამ საგანში ჩემთვის სავსებით საკმარისია ის ცოდნა, რასაც გაკვეთილზე ვიძენ

    .4. დავალებები არ მომწონს, ვასრულებ მხოლოდ იმიტომ, რომ გვავალებთ.

    5. სწავლის პროცესში თავჩენილი სირთულეები საგანს ჩემთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

    6. მოცემულ საგანში, გარდა სახელმძღვანელოსი, დამატებით ლიტერატურასაც ვკითხულობ.

    7. მიმაჩნია, რომ სავსებით შესაძლებელია, საგანში შემავალი რთული თეორიული საკითხები საერთოდ არ ისწავლო.

    8. თუ რამე ვერ გავიგე, ვცდილობ მის გარკვევას, მოვლენის არსის წვდომას.

    9. ხშირად საერთოდ არ მაქვს ამ საგნის სწავლის განწყობა.

    10. აქტიურად ვმუშაობ და დავალებებს ვასრულებ მხოლოდ მაშინ, როცა მასწავლებელი მკაცრად მაკონტროლებს

    .11. საგანში შემავალ საკითხებს ხშირად აქტიურად განვიხილავ თავისუფალ დროსაც (შესვენებაზე, შინ) თანაკლასელებთან, მეგობრებთან.

    12. ვცდილობ, დამოუკიდებლად შევასრულო დავალებები, არ მიყვარს, როდესაც მკარნახობენ და მეხმარებიან.

    13. თუ შესაძლებლობა მომეცა, ვცდილობ გადავიწერო ან სხვას ვთხოვ დავალების დაწერას.

    14. მიმაჩნია, რომ ამ საგნის ცოდნა ღირებულია და უნდა ეცადო, რაც შეიძლება მეტი იცოდე.

    15. ამ საგანში ჩემთვის ნიშანია მთავარი და არა ცოდნა.

    16. ამ საგანში გაკვეთილის უცოდინრობას არ განვიცდი.

    17. თავისუფალ დროს ჩემი ინტერესები და გატაცებები ამ საგანს უკავშირდება.

    18. ძლივს ვსწავლობ ამ საგანს, დავალების შესრულებისას ვწვალობ.

    19. თუ გაკვეთილი ავადმყოფობის გამო (ან სხვა მიზეზით) გამიცდა, ძალიან მწყინს.

    20. შესაძლებელი რომ იყოს, ამ საგანს საერთოდ ამოვიღებდი ცხრილიდან (სასწავლო გეგმიდან).შედეგების

    Thursday, December 5, 2013

    სასწავლო რესურსის(გრაფიკული)გამოყენების მიზნობრიობის მოკლე აღწერა

    გაკვეთილის მთავარი თემა
    ხატვა პროგრამა  paint-ში
    გაკვეთილის მნიშვნელობა/
    მოსწავლეები შეძლებენ paint-ის გაშვებას ,გაეცნობიან ფერის ელემენტებს ,ინსტრუმენტების პანელს და პროგრამის დასრულება დახურვას.
    გაკვეთილის მიზნები და
    შედეგები
       გაკვეთილის მიზანია  მოსწავლეებმა  შეძლონ პროგრამა paint-ში დამოუკიდებელ მუშაობა ,ფერების გამოყენება, ზომის შეცვლა და ნახატების კოპირება.