Friday, December 6, 2013

ბმულები სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსებზე


სწავლებისათვის სასარგებლო ინტერნეტ-ინსტრუმენტები

               საგანმანათლებლო რესურსების მრავალფეროვნება მნიშვნელოვნად გაიზარდა ინტერნეტის საყოველთაო გავრცელების შემდეგ. თავდაპირველად ასეთი მასალები და ინსტრუმენტები უშუალოდ სასწავლო პროცესზე მორგებული არ იყო. განათლების სპეციალისტების მიერ ტექნოლოგიების ათვისებასთან ერთად, შეიქმნა უამრავი სასარგებლო რესურსი თუ საშუალება, რომელთა გამოყენება ყველა დაინტერესებულ მასწავლებელს შეუძლია. ზოგიერთი ასეთი რესურსის ავტორები თავად მასწავლებლები არიან. გავეცნოთ პოპულარულ ინტერნეტ-ინსტრუმენტებს.
ინტერნეტში ხელმისაწვდომი ისეთი სასწავლო მასალების გარდა, როგორიცაა, მაგალითად, ვიდეოგაკვეთილები ან სხვა მულტიმედია რესურსები, სულ უფრო მეტ პოპულარულობას იძენს ვებ 2.0 სოციალური მედია. საგანმანათლებლო მიზნებით ასეთი ინსტრუმენტების გამოყენებისათვის უნდა დარეგისტრირდეთ შესაბამის ვებგვერდებზე - ისე, როგორც რეგისტრირდებით ახალი ელფოსტის ან ფეისბუქის გვერდის შექმნისას.ვებ 2.0 სასწავლო გარემო
ბლოგები
თანამშრომლობითი სასწავლო პროცესის განსახორციელებლად სულ უფრო ხშირად იყენებენ ბლოგებს, ანუ ინტერნეტ ელექტრონულ ჟურნალებს. ზოგიერთი ასეთი საიტი ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგალითად, ვებ-ტექნოლოგიების გლობალური ლიდერის, კომპანია Google-ის ბლოგების გენერატორი Blogger.com. აქ ბლოგის შესაქმნელად საკმარისია გქონდეთ ან შექმნათ Gmail ელექტრონული ფოსტის მისამართი და გაიაროთ ბლოგის შექმნის პროცედურა.
სასწავლო პროცესში ბლოგები გამოიყენება მოსწავლეების მოსაზრებების შესაგროვებლად, ნასწავლის გასააზრებლად ან სასწავლო თემის ირგვლივ დებატების ჩასატარებლად.
ბლოგების საინტერესო გამოყენების მაგალითი ლიტერატურის სწავლებაში არის ე.წ. პერსონაჟთა ჟურნალები. სასწავლო პროექტში მოსწავლეებს უნაწილდებათ რომელიმე ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟების როლები და შემდეგ ევალებათ ბლოგის წარმოება ამ პერსონაჟების თვალთახედვიდან. ასეთი ბლოგების წარმოება ხელს უწყობს როგორც ნაწარმოების სიღმისეულად შესწავლას, მნიშვნელოვანი თემების გათავისებას, ასევე ისტ უნარების განვითარებას და შეფასებას.

ამჟამად შექმნილია სპეციალიზებული სასწავლო სოციალური პლატფორმები, სადაც შეგიძლიათ წარმართოთ სასწავლო პროცესი თქვენს კლასთან, მისცეთ დავალებები მოსწავლეებს, გაუზიაროთ რესურსები და დაგეგმოთ გაკვეთილები. ასეთი ვებსაიტებიდან ყველაზე პოპულარულია edmodo.com.
არსებობს ასევე სპეციალურად საგანმანათლებლო მიზნებით შექმნილი ბლოგების პლატფორმები, როგორიცაა edublog.org, სადაც ინტეგრირებულია ბლოგები და კლასის მართვის სისტემები.
ვიკი
სასწავლო პრაქტიკაში კიდევ ერთი გავრცელებული ინსტრუმენტია სასწავლო ვიკი, ანუ ვიკიპედიის სტრუქტურის მქონე თანამშრომლობითი ვებგვერდი. ვიკის რედაქტირება შეუძლია კლასის ან ჯგუფის ყველა მოსწავლეს. ვიკის გამოყენების მაგალითებია: ჯგუფური წერა, ვებგვერდის ერთობლივი განვითარება, ინფორმაციის მოგროვება რომელიმე სასწავლო საკითხზე, ელექტრონული ცნობარის შექმნა, მოსწავლის პორტფოლიოს განთავსება, გაკვეთილების გეგმების ატვირთვა, სასწავლო პროექტის დაგეგმვა და მიმდინარეობის მართვა. ვიკიზე შესაძლებელია მულტიმედია ფაილების განთავსება და გაზიარებაც. ვიკის შესაქმნელად შესაძლებელია სპეციალური პროგრამის გადმოწერა, მაგრამ უფრო მოსახერხებელია ვიკი მომსახურების ვებგვერდების გამოყენება. ყველაზე პოპულარულია wikispaces.com, რომელსაც საგანმანათლებლო საჭიროებებისთვის განკუთვნილი დიზაინიც აქვს. ვებგვერდზე რეგისტრირების შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიკის საბაზო ინტერფეისი, ან მოარგოთ ის თქვენს საჭიროებებს და შექმნათ საკუთარი ვებგვერდი. ვიკიზე შეგიძლიათ გქონდეთ განყოფილებები და ცალკეული საკითხებისადმი მიძღვნილი გვერდები. სასწავლო შინაარსით ვიკის დატვირთვისას საიტის გამართული სტრუქტურის შექმნა და ინფორმაციის სწორად განთავსება არსებითია. რომელიმე სასწავლო თემისადმი მიძღვნილი ვიკი წარმატებულია თუ: მასში გადმოცემულია მრავალფეროვანი ინფორმაცია სასწავლო თემაზე; მასალა დეტალურად არის მოცემული ვიკის სხვადასხვა შიდა გვერდზე; ვიკის ენა გამართული და ადვილად აღსაქმელია, მითითებულია წყაროები; ჩასმულია შესაბამისი ვიზუალური მასალა, ინფორმაციაზე დამატებულია ბმულები და ა.შ.
საუკეთესო საგანმანათლებლო ვიკი საიტად რამდენჯერმე აღიარეს "მისალმებები მსოფლიოდან”, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მოსწავლეების მიერ შექმნილ ელექტრონულ პოსტერებს საკუთარი გარემოსა თუ ქვეყნის შესახებ. ამჟამად ვიკი საიტზე თავმოყრილია 300-მდე ინტერაქტიული პოსტერი მსოფლიოს ყველა კონტინენტის სკოლებიდან.
ასეთ ელექტრონულ პოსტერებს გლოგებს ეძახიან და ეს კიდევ ერთი სასარგებლო რესურსია.
გლოგი
გლოგების - მედია ელემენტებით გამდიდრებული ელექტრონული პოსტერების შესაქმნელად საუკეთესო გვერდია edu.glogster.com. აშშ-ში ის უმთავრეს ონლაინ სასწავლო ინსტრუმენტად არის აღიარებული. მისი ინტერაქტიული პლატფორმის საშუალებით შეგიძლიათ შექმნათ პოსტერი ან ვებგვერდი, რომელიც მოიცავს მულტიმედია ელემენტებს, ტექსტს, აუდიოს, ნახატებს, გრაფიკას და მონაცემებს. ასეთი მულტიმედია ელექტრონული პოსტერები შეგიძლიათ გამოიყენოთ სასწავლო დავალებებისთვის, საკლასო პროექტისთვის, ინფორმაციის თავმოსაყრელად, ელექტრონული ცნობარის შესაქმნელად. გლოგების დაგეგმვისას მასწავლებელი ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმის კონკრეტული სტანდარტების შედეგებს, რომელთა მიღწევაც სურს. ასევე მნიშვნელოვანია ტექსტური ინფორმაციის და მულტიმედია ჩანართების ბალანსი, რათა ელექტრონული პოსტერი იოლად აღქმადი იყოს. მაგალითად, საკუთარ ქვეყნებზე შექმნილ გლოგებში მოსწავლეები რთავენ ღირშესანიშნავ თარიღებს, პეიზაჟებს, ხალხური სიმღერისა და ცეკვის ამსახველ ვიდეოებს, რაც შეჯერებულია ტექსტურ ინფორმაციასთან.
გლოგების შექმნა შესაძლებელია ასევე გაკვეთილების დასაგეგმად, ტრენინგებისა და პროფესიული განვითარებისთვის.
ონლაინ გამოკითხვები და ტესტები
კიდევ ერთი გავრცელებული ონლაინ ინსტრუმენტია ტესტების, გამოკითხვების და კვლევების შესაქმნელი ვებგვერდები. ასეთი ინსტრუმენტი შეგიძლიათ გამოიყენოთ გაკვეთილის მიმდინარეობისას, ან შეფასების ორგანიზებისათვის. გამოკითხვის ან ტესტის ნაბეჭდი/წერილობითი ფორმის ნაცვლად გამოიყენებთ ელექტრონულ ვებ ინსტრუმენტს. თქვენ სვამთ შეკითხვას და უთითებთ პასუხის რამდენიმე ვარიანტს. თქვენი აუდიტორია პასუხობს ინტერნეტ-ბრაუზერის მეშვეობით ან მობილური ტელეფონით გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით. პასუხებს იღებთ ძალიან სწრაფად, შესაბამისად, უმალვე ამოწმებთ ამა თუ იმ მოსწავლის ცოდნას, ან იღებთ კლასისგან უკუკავშირს. ასეთი გამოკითხვები შეგიძლიათ გამოიყენოთ კონკრეტული კითხვებისთვის, ფაქტობრივი ცოდნის დასადგენად - მაგალითად, ისტორიული თარიღის ცოდნის შემოწმებისას, ან არჩევანის გაკეთების დროს ხმის მისაცემად.

სასწავლო მიზნებით ხშირად გამოიყენება www.polleverywhere.com. ის უფასოა ისეთი გამოკითხვების ჩატარების დროს, რომელშიც 40 მოსწავლემდე მონაწილეობს. ტესტის ან გამოკითხვის შედგენა ამ ვებგვერდის მეშვეობით საკმაოდ ადვილია.
სხვადასხვა რესურსი
სასარგებლო ინსტრუმენტების კოლექციაა თავმოყრილი ვებგვერდზე www.classtools.net. აქ შეგხვდებათ ე.წ. თევზის ჩონჩხის დიაგრამის გენერატორი, რომლის შევსება და შენახვაც შეგიძლიათ.
ასევე, ნახავთ წამზომს უკუთვლით, რომელიც შეგიძლიათ მთელ კლასს აჩვენოთ პროექტორით, დავალების შესასრულებლად მიცემული დროის კონტროლის მიზნით.
ამ ვებგვერდზე საინტერესოა ასევე გარკვეული ისტორიული ეპოქის ან სხვა მოვლენების დროში გაწერილი რუკის (თაიმლაინი) შესაქმნელი გენერატორი. თქვენ მიუთითებთ საწყის და საბოლოო თარიღებს და შესაბამის თარიღთან მოათავსებთ ამა თუ იმ მოვლენის სახელწოდებას. დროით რუკას შეგიძლიათ დაურთოთ კომენტარები და შეინახოთ.
სხვა მოსახერხებელი ვებგვერდებიდან აღსანიშნავია პოპულარული slideshare.net, სადაც შეგიძლიათ ატვირთოთ და ყველას გაუზიაროთ თქვენი პრეზენტაციები.
ტექნოლოგიები და ინტერნეტი სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება, იქმნება ახალი შესაძლებლობები, რომ მოიპოვოთ რესურსები სწავლებისათვის, გაამდიდროთ გაკვეთილები ინტერაქტიული პროგრამებით და მულტიმედია მასალებით, გაუზიაროთ თქვენი გამოცდილება სხვებს, ისწავლოთ და ასწავლოთ ხალისიანად. თუ ასეთი ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება თქვენთვის სირთულეს წარმოადგენს, შეგიძლიათ ისარგებლოთ იმ კოლეგების რჩევებით, ვინც უფრო აქტიურად იყენებს ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესში. ზოგიერთი ასეთი ინსტრუმენტი სულ უფრო ფართოდ ინერგება და შესულია მასწავლებელთა გადამზადების ცენტრის ისტ ტრენინგების პროგრამაშიც.



საინტერესო ტესტი - რამდენად მოტივირებულია მოსწავლე
მოტივაციის პრობლემა თვალნათლივ გვიჩვენებს, რა ღრმად შეიძლება შეიჭრას ფსიქოლოგია საკლასო ოთახში, რამდენი რამ განსაზღვროს. თვით რავენიც კი, ინტელექტის ყველაზე პოპულარული ტესტის ავტორი, თავის წიგნში „კომპეტენტურობა თანამედროვე სამყაროში" წერდა: „ქცევა გაცილებით მეტად განისაზღვრება მოტივაციით, ვიდრე უნარით". მაინც რა არის მოტივი? ამ ცნების მრავალგვარი განმარტება არსებობს. დ. უზნაძე მოტივს ქცევის ფსიქოლოგიურ საფუძველს უწოდებდა. მისი განმარტების თანახმად, ეს არის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც აღძრავს, წარმართავს და უზრუნველყოფს ქცევას.მასწავლებლისთვის მთავარია იცოდეს, რატომ არის, რომ ზოგიერთი მოსწავლე ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა სწავლაში მაღალ შედეგებს მიაღწიოს, ზოგიერთი კი არა.ფსიქოლოგებმა სცადეს იმ ფაქტორების განსაზღვრა, რომლებიც სწავლაში მიღწევებს განაპირობებს. ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა შემდეგი ფაქტორები: უნარი, მოტივაცია და სწავლების ხარისხი.მოტივის შესახებ მრავალი მითი არსებობს:მითი 1 - თუ მოსწავლეები აქტიურად არ არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი არ არიან მოტივირებულნი.მითი 2 - მარცხი კარგი მოტივაციაა.მითი 3 - სწავლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოტივაცია.მითი 4 - მოსწავლეებს მოტივაციას მასწავლებლები უქმნიან.მითი 5 - მუქარა ამაღლებს მოტივაციას.მითი 6 - მოტივაციის ამაღლება ავტომატურად ზრდის სწავლების ეფექტს.ვნახოთ, რას ფიქრობენ ფსიქოლოგები ამ მითების შესახებ.1. მოსწავლეს შესაძლოა არ ჰქონდეს სწავლის მოტივაცია, მაგრამ მოტივირებული იყოს სხვა რამისთვის. ამ შემთხვევაში შესაძლოა კლასში დისციპლინის პრობლემამ იჩინოს თავი.2. მარცხი სასარგებლო გამოცდილებაა, მაგრამ ქრონიკულ მარცხს შესაძლოა უამრავი პრობლემა მოჰყვეს.3. ზოგი იტყვის, რომ სკოლაში მთავარია შინაარსი, მაგრამ იგი სწავლის მისიას ვერ შეასრულებს, ვიდრე სწავლა მნიშვნელობას იქნება მოკლებული მოსწავლისთვის.4. მასწავლებელი მხოლოდ ეხმარება მოსწავლეებს შინაგანი მოტივაციის შექმნაში.5. კლასის უარყოფითი ატმოსფერო სწავლის მოტივაციას ასუსტებს.6. მოტივაცია თანდათან სუსტდება და შესაძლოა გაქრეს, თუ არ იქნა გათვალისწინებული სხვა მომენტები. მაგალითად, ცუდი დაგეგმვა, სუსტი კონტროლი და სხვა სწავლის მოტივაციას ასუსტებს.ცნობილია, რომ გამოყოფენ მოტივაციის აღმძვრელ შინაგან და გარეგან ფაქტორებს. შინაგანი ფაქტორია, როდესაც მოქმედებას აღძრავს ამ საქმიანობისგან (ჩვენს შემთხვევაში – სწავლისგან) მიღებული სიამოვნებისკენ სწრაფვა, ანუ ინტერესი, გარეგანი - როდესაც ადამიანს სურვილს (ჩვენს შემთხვევაში - სწავლისას) გარედან მოსული სტიმულები აღუძრავს.გაინტერესებთ, როგორ არის საქმე ამ თვალსაზრისით თქვენი საგნის სწავლა/სწავლებისას? შეგიძლიათ ჩაატაროთ მცირე გამოკვლევა (თუ გაინტერესებთ ზოგადი სურათი და მეტი სანდოობა, გამოკითხვა ანონიმურად ჩაატარეთ).მოსწავლეებს ეძლევათ ინსტრუქცია: წაიკითხეთ ყოველი დებულება და გამოხატეთ დამოკიდებულება იმ საგნის მიმართ, რომელსაც მე გასწავლით. დებულებას გვერდით მიუწერეთ თქვენი პასუხი - „კი" ან „არა". 

1. საგნის შესწავლა შესაძლებლობას მომცემს, ჩემთვის მნიშვნელოვანი რამ შევიტყო, გამოვავლინო ჩემი უნარები

2. საგანი მაინტერესებს და მსურს, რაც შეიძლება მეტი ვიცოდე ამ სფეროში.

3. ამ საგანში ჩემთვის სავსებით საკმარისია ის ცოდნა, რასაც გაკვეთილზე ვიძენ

.4. დავალებები არ მომწონს, ვასრულებ მხოლოდ იმიტომ, რომ გვავალებთ.

5. სწავლის პროცესში თავჩენილი სირთულეები საგანს ჩემთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

6. მოცემულ საგანში, გარდა სახელმძღვანელოსი, დამატებით ლიტერატურასაც ვკითხულობ.

7. მიმაჩნია, რომ სავსებით შესაძლებელია, საგანში შემავალი რთული თეორიული საკითხები საერთოდ არ ისწავლო.

8. თუ რამე ვერ გავიგე, ვცდილობ მის გარკვევას, მოვლენის არსის წვდომას.

9. ხშირად საერთოდ არ მაქვს ამ საგნის სწავლის განწყობა.

10. აქტიურად ვმუშაობ და დავალებებს ვასრულებ მხოლოდ მაშინ, როცა მასწავლებელი მკაცრად მაკონტროლებს

.11. საგანში შემავალ საკითხებს ხშირად აქტიურად განვიხილავ თავისუფალ დროსაც (შესვენებაზე, შინ) თანაკლასელებთან, მეგობრებთან.

12. ვცდილობ, დამოუკიდებლად შევასრულო დავალებები, არ მიყვარს, როდესაც მკარნახობენ და მეხმარებიან.

13. თუ შესაძლებლობა მომეცა, ვცდილობ გადავიწერო ან სხვას ვთხოვ დავალების დაწერას.

14. მიმაჩნია, რომ ამ საგნის ცოდნა ღირებულია და უნდა ეცადო, რაც შეიძლება მეტი იცოდე.

15. ამ საგანში ჩემთვის ნიშანია მთავარი და არა ცოდნა.

16. ამ საგანში გაკვეთილის უცოდინრობას არ განვიცდი.

17. თავისუფალ დროს ჩემი ინტერესები და გატაცებები ამ საგანს უკავშირდება.

18. ძლივს ვსწავლობ ამ საგანს, დავალების შესრულებისას ვწვალობ.

19. თუ გაკვეთილი ავადმყოფობის გამო (ან სხვა მიზეზით) გამიცდა, ძალიან მწყინს.

20. შესაძლებელი რომ იყოს, ამ საგანს საერთოდ ამოვიღებდი ცხრილიდან (სასწავლო გეგმიდან).შედეგების დამუშავება: როგორ ავამაღლოთ მოსწავლეთა სასწავლო მოტივაცია
ყველა ის პრობლემა, რომელმაც ბავშვთან დაკავშირებით ნებისმიერ სკოლაში შეიძლება იჩინოს თავი, ორ დიდ ჯგუფად ერთიანდება. ერთი მოსწავლის აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებულ სირთულეებს მოიცავს, მეორე - ბავშვის ქცევაში წარმოშობილ პრობლემებს. პრობლემათა ეს ორი ჯგუფი, ჩვეულებრივ, მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ხშირად მოსწავლის ქცევის სირთულეები სასწავლო საქმიანობაში არსებული პრობლემებით არის გამოწვეული. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან სწავლა სასკოლო ასაკის ბავშვის ქცევის წამყვანი ფორმაა და ყოველგვარი ცვლილება მის პიროვნულ განვითარებაში შეიძლება მხოლოდ სასწავლო პროცესის მეშვეობით განხორციელდეს. ასე რომ, თუ ბავშვის ქცევის კორექციას ვაპირებთ, უპირველესად სასწავლო პროცესში მისი ჩართულობის გაზრდასა და მისი წარმატების ხელშეწყობაზე უნდა ვიზრუნოთ. ამას მხოლოდ მაშინ მოვახერხებთ, თუ შევძლებთ, ბავშვს სასწავლო საქმიანობის მიმართ განწყობა შევუქმნათ. ეს კი, თავის მხრივ, იმ მოტივების გამოვლენას მოითხოვს, რომლებიც ბავშვს სწავლის სურვილს უჩენს.
სასკოლო მოტივაციის პრობლემა თანამედროვე განათლების სისტემის ქვაკუთხედია. მასზე მუშაობის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მისი კორექციისთვის აუცილებელია პედაგოგების, ადმინისტრაციის, ფსიქოლოგებისა და მშობლების ერთობლივი ძალისხმევა.
როგორც სასკოლო პრაქტიკა გვიჩვენებს, სასკოლო მოტივაციის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება სასკოლო სწავლების მე-2 და მე-3 საფეხურებზე გადასვლისას. თუ გავითვალისწინებთ სასწავლო მოტივაციის ასაკობრივ დაქვეითებას გარდამავალ პერიოდში, უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება იმის განსაზღვრა, რით შეიძლება მოსწავლის მოტივირება, მასზე ზემოქმედება, როგორ უნდა ააგოს მასწავლებელმა სწავლების პროგრამა, რომ გადალახოს აკადემიური მოსწრების ტრადიციული დაქვეითება მე-6 - მე-8 კლასებში.
ძირითადი სასწავლო მოტივები
- სწავლის პრესტიჟულობა კლასში. ის გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია საკლასო კოლექტივში თანაკლასელის აკადემიური წარმატება. არის შემთხვევები, როცა ამა თუ იმ მოსწავლეს აქვს კარგად სწავლის მოთხოვნილება, კარგი განათლების მიღების სურვილი, მაგრამ თუ სწავლის პრესტიჟულობა კლასში დაბალია, მოზარდმა შესაძლოა შენიღბოს საკუთარი მოთხოვნილებები და სურვილები (ისწავლოს, მაგრამ კლასში არ გამოამჟღავნოს ცოდნა), რადგან ხვდება, რომ კარგად სწავლა, კარგი განათლება არ არის ის ნიშან-თვისება, რაც მას პოპულარულს გახდიდა თანაკლასელთა შორის და კლასში საერთო აღიარების ობიექტად აქცევდა.
- სწავლის პესტიჟულობა ოჯახში. ის გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოზარდის ოჯახში მისი წარმატებული სწავლა.
- შემეცნებითი ინტერესი. გვიჩვენებს, აქვს თუ არა მოსწავლეს ახალი ცოდნის, ახალი ინფორმაციის მიღების ინტერესი. აშკარად გამოხატული შემეცნებითი ინტერესების მქონე მოსწავლეებს დიდ სიამოვნებას ჰგვრით ცოდნისა და ახალი ინფორმაციის მიღება, ახალი აღმოჩენები.
- მიღწევის მოტივაცია. გვიჩვენებს, აქვს თუ არა მოსწავლეს მიღწევის მოტივაცია, სურვილი, იყოს უკეთესი სწავლაში, ბოლომდე წარმოაჩინოს თავისი უნარები, ჭკუა, გონება შესაძლებლობები. აშკარად გამოხატული მიღწევის მოტივაციის მქონე მოსწავლეები სწავლობენ, უპირველესად, იმისთვის, რათა დაუმტკიცონ საკუთარ თავს, რომ ბევრი რამ შეუძლიათ.
- სოციალური მოწონების, აღიარების მოტივი. გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის მისი წარმატებების აღიარება გარშემო მყოფთა მიერ. მოსწავლეები, რომლებთანაც აღნიშნული მოტივი დომინირებს, სწავლობენ, უპირველეს ყოვლისა, ქებისთვის, აღიარებისთვის, წახალისებისთვის.
- თანაკლასელების მხრივ სოციალური მოწონების, აღიარების მოტივი. გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის აღიარება თანაკლასელების მხრივ.
- პედაგოგების მხრივ სოციალური მოწონების, აღიარების მოტივი. გვიჩვენებს, რამდენად მნიშნელოვანია მოსწავლისთვის მისი სასწავლო წარმატებების აღიარება, მოწონება, ყურადღება პედაგოგების მხრივ.
- მშობლების მხრივ სოციალური მოწონების, აღიარების მოტივი. გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის მისი სასწავლო წარმატებების აღიარება, მოწონება, ყურადღება მშობლების მხრივ.
- დასჯის შიში გვიჩვენებს, რა მნიშვნელობის მატარებელია ბავშვისთვის გარშემო მყოფთა მიერ მისი დასჯა, გაკიცხვა სასწავლო წარუმატებლობის გამო. მოსწავლეები, რომლებთანაც დომინანტურია დასჯის შიში, სწავლობენ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ეშინიათ, არ დასაჯონ, არ გაკიცხონ, არ ეჩხუბონ.
- სკოლის მხრივ დასჯის შიში. გვიჩვენებს მოსწავლისთვის დასჯის, გაკიცხვის მნიშვნელობას პედაგოგების მხრივ; იმას, რამდენად ეშინია ბავშვს, პედაგოგებმა წარუმატებელ, უუნარო მოსწავლედ მიიჩნიონ.
- ოჯახის მხრივ დასჯის შიში. გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის ოჯახის მხრივ დასჯის, გაკიცხვის საფრთხე; შიში, მშობლებმა და ახლობლებმა იგი წარუმატებელ და უუნარო მოსწავლედ არ აღიქვან.
- სოციალური აუცილებლობის გაცნობიერება. ავლენს მოსწავლის მისწრაფებას იყოს განათლებული ადამიანი. მოსწავლეები, რომლებთანაც დომინირებს მოტივაციის ეს ტიპი, სწავლობენ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ აცნობიერებენ კარგად სწავლის აუცილებლობას საკუთარი წარმატებული მომავლისთვის. კარგი იქნება, თუ ასეთი ბავშვებისთვის გადაცემის დროს ნებისმიერ სასწავლო მასალას აქტიურად დავაკავშირებთ ბავშვის სამომავლო გეგმებთან - როგორ გამოადგება ეს ცოდნა მომავალში, უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად, პროფესიის კარგად დასაუფლებლად, სასურველი სამსახურის მისაღებად და ა.შ. სასწავლო მოტივაციის გასაძლიერებლად ამ ტიპის ბავშვების აზროვნება და ყურადღება სწორედ ამ მიმართულებით უნდა წარვმართოთ.
- ურთიერთობის მოტივი. გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის თანატოლებთან ურთიერთობის მოტივაცია. მოსწავლეები, რომლებთანაც დომინანტურია ეს მოტივი, სწავლების პროცესში დაინტერესებულები არიან ისეთი საქმიანობებით, რომლებიც კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევა, ამიტომ კარგი იქნება, თუ ამ ტიპის ბავშვებისთვის ისეთ დავალებებს გამოვიყენებთ, რომლებიც მათგან ჯგუფებად და წყვილებად მუშაობას მოითხოვს.
- არასასწავლო სასკოლო მოტივაცია. გვიჩვენებს მოსწავლეთა დაინტერესებას, უპირველეს ყოვლისა არასაგაკვეთილო საქმიანობებით (კონცერტებით, გამოფენებით, ზეიმებით და ა.შ.) და არა უშუალოდ გაკვეთილით. მოსწავლეები, რომლებთანაც მოტივაციის ეს ტიპი დომინირებს, სიამოვნებით დადიან სკოლაში, აქტიურად, თუმცა უხალისოდ, მონაწილეობენ არასაგაკვეთილო ღონისძიებებში და მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში სწავლობენ. კარგი იქნება, თუ ასეთი მოსწავლეებისთვის, განათლებისა და სწავლის პრესტიჟულობის ამაღლების მიზნით, სკოლაში ხშირად გაიმართება ისეთი ღონისძიებები (ვიქტორინები, კონკურსები, ინტელექტუალური თამაშები და ა.შ.), სადაც მათ თავიანთი ცოდნისა და განათლების დემონსტრირების საშუალება მიეცემათ. თუ ასეთ ღონისძიებებსა და კონკურსებში გამარჯვება მათთვის სასურველი ჯილდოთი (მაგალითად, ექსკურსიით, ლაშქრობით) აღინიშნება, მათ უფრო მაღალი მოტივაცია ექნებათ ახალგაზრდებს მასში მონაწილეობისთვის, ცოდნის, განათლების გამომჟღავნებისა და გამარჯვებისთვის. ამასთან ერთად, აღნიშნული ღონისძიებები ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ის სასწავლო პროცესის თავისებურ გაგრძელებას წარმოადგენდეს.
- თვითრეალიზაციის მოტივი. გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის სასწავლო საქმიანობა როგორც თვითრეალიზაციის წამყვანი სფერო, სადაც მას შეუძლია გამოავლინოს თავისი თავი, თავისი შესაძლებლობები და უნარები.
სასწავლო მოტივაციის ასამაღლებლად აუცილებელია, კოლეგებთან ურთიერთობისას განხილვისა და ანალიზის საგნად ვაქციოთ ცალკეულ მოსწავლეთა სასწავლო მოტივები. ეს საჭიროა თუნდაც იმიტომ, რომ სხვადასხვა სასწავლო მოტივი სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენებას მოითხოვს პედაგოგისგან. მაგალითად, თუ ბავშვისთვის წამყვანი მოტივია ქების მიღება, ეს ერთ ტაქტიკას საჭიროებს, თუ დასჯის შიშია წამყვანი მოტივი - სულ სხვას. მიღწევის მოტივაციაც ასევე განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს პედაგოგისგან და ა.შ. ცალკეული შემთხვევების ფსიქოლოგიური ანალიზი, პედაგოგისა და ფსიქოლოგის ურთიერთთანამშრომლობის პროცესში, დაგვეხმარება შევიმუშაოთ საჭირო ტაქტიკა კონკრეტული მოსწავლის აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად.
დაბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღევანდელ სკოლაში სასწავლო პროცესის წარმატებას განსაზღვრავს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: პედაგოგის პროფესიული მომზადების მაღალი დონე, სწავლების თანამედროვე მეთოდები, კომფორტული სასწავლო გარემო, დისციპლინა და წესრიგი სკოლაში, პედაგოგის კეთილგანწყობილი, მეგობრული დამოკიდებულება მოსწავლისადმი და მათ შორის ნდობის ატმოსფეროს შექმნა. სასურველია, რომ სკოლა მუდმივად აკონტროლებდეს აღნიშნულ კომპონენტებს სასწავლო პროცესის წარმატების უზრუნველსაყოფად.გამოყენებული მასალები:www.maswavlebeli.ge
ყველა ის პრობლემა, რომელმაც ბავშვთან დაკავშირებით ნებისმიერ სკოლაში შეიძლება იჩინოს თავი, ორ დიდ ჯგუფად ერთიანდება. ერთი მოსწავლის აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებულ სირთულეებს მოიცავს, მეორე - ბავშვის ქცევაში წარმოშობილ პრობლემებს. პრობლემათა ეს ორი ჯგუფი, ჩვეულებრივ, მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ხშირად მოსწავლის ქცევის სირთულეები სასწავლო საქმიანობაში არსებული პრობლემებით არის გამოწვეული. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან სწავლა სასკოლო ასაკის ბავშვის ქცევის წამყვანი ფორმაა და ყოველგვარი ცვლილება მის პიროვნულ განვითარებაში შეიძლება მხოლოდ სასწავლო პროცესის მეშვეობით განხორციელდეს. ასე რომ, თუ ბავშვის ქცევის კორექციას ვაპირებთ, უპირველესად სასწავლო პროცესში მისი ჩართულობის გაზრდასა და მისი წარმატების ხელშეწყობაზე უნდა ვიზრუნოთ. ამას მხოლოდ მაშინ მოვახერხებთ, თუ შევძლებთ, ბავშვს სასწავლო საქმიანობის მიმართ განწყობა შევუქმნათ. ეს კი, თავის მხრივ, იმ მოტივების გამოვლენას მოითხოვს, რომლებიც ბავშვს სწავლის სურვილს უჩენს.სასკოლო მოტივაციის პრობლემა თანამედროვე განათლების სისტემის ქვაკუთხედია. მასზე მუშაობის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მისი კორექციისთვის აუცილებელია პედაგოგების, ადმინისტრაციის, ფსიქოლოგებისა და მშობლების ერთობლივი ძალისხმევა.როგორც სასკოლო პრაქტიკა გვიჩვენებს, სასკოლო მოტივაციის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება სასკოლო სწავლების მე-2 და მე-3 საფეხურებზე გადასვლისას. თუ გავითვალისწინებთ სასწავლო მოტივაციის ასაკობრივ დაქვეითებას გარდამავალ პერიოდში, უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება იმის განსაზღვრა, რით შეიძლება მოსწავლის მოტივირება, მასზე ზემოქმედება, როგორ უნდა ააგოს მასწავლებელმა სწავლების პროგრამა, რომ გადალახოს აკადემიური მოსწრების ტრადიციული დაქვეითება მე-6 - მე-8 კლასებში.ძირითადი სასწავლო მოტივები- სწავლის პრესტიჟულობა კლასში. ის გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია საკლასო კოლექტივში თანაკლასელის აკადემიური წარმატება. არის შემთხვევები, როცა ამა თუ იმ მოსწავლეს აქვს კარგად სწავლის მოთხოვნილება, კარგი განათლების მიღების სურვილი, მაგრამ თუ სწავლის პრესტიჟულობა კლასში დაბალია, მოზარდმა შესაძლოა შენიღბოს საკუთარი მოთხოვნილებები და სურვილები (ისწავლოს, მაგრამ კლასში არ გამოამჟღავნოს ცოდნა), რადგან ხვდება, რომ კარგად სწავლა, კარგი განათლება არ არის ის ნიშან-თვისება, რაც მას პოპულარულს გახდიდა თანაკლასელთა შორის და კლასში საერთო აღიარების ობიექტად აქცევდა.- სწავლის პესტიჟულობა ოჯახში. ის გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოზარდის ოჯახში მისი წარმატებული სწავლა.- შემეცნებითი ინტერესი. გვიჩვენებს, აქვს თუ არა მოსწავლეს ახალი ცოდნის, ახალი ინფორმაციის მიღების ინტერესი. აშკარად გამოხატული შემეცნებითი ინტერესების მქონე მოსწავლეებს დიდ სიამოვნებას ჰგვრით ცოდნისა და ახალი ინფორმაციის მიღება, ახალი აღმოჩენები.- მიღწევის მოტივაცია. გვიჩვენებს, აქვს თუ არა მოსწავლეს მიღწევის მოტივაცია, სურვილი, იყოს უკეთესი სწავლაში, ბოლომდე წარმოაჩინოს თავისი უნარები, ჭკუა, გონება შესაძლებლობები. აშკარად გამოხატული მიღწევის მოტივაციის მქონე მოსწავლეები სწავლობენ, უპირველესად, იმისთვის, რათა დაუმტკიცონ საკუთარ თავს, რომ ბევრი რამ შეუძლიათ.- სოციალური მოწონების, აღიარების მოტივი. გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის მისი წარმატებების აღიარება გარშემო მყოფთა მიერ. მოსწავლეები, რომლებთანაც აღნიშნული მოტივი დომინირებს, სწავლობენ, უპირველეს ყოვლისა, ქებისთვის, აღიარებისთვის, წახალისებისთვის.- თანაკლასელების მხრივ სოციალური მოწონების, აღიარების მოტივი. გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის აღიარება თანაკლასელების მხრივ.- პედაგოგების მხრივ სოციალური მოწონების, აღიარების მოტივი. გვიჩვენებს, რამდენად მნიშნელოვანია მოსწავლისთვის მისი სასწავლო წარმატებების აღიარება, მოწონება, ყურადღება პედაგოგების მხრივ.- მშობლების მხრივ სოციალური მოწონების, აღიარების მოტივი. გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის მისი სასწავლო წარმატებების აღიარება, მოწონება, ყურადღება მშობლების მხრივ.- დასჯის შიში გვიჩვენებს, რა მნიშვნელობის მატარებელია ბავშვისთვის გარშემო მყოფთა მიერ მისი დასჯა, გაკიცხვა სასწავლო წარუმატებლობის გამო. მოსწავლეები, რომლებთანაც დომინანტურია დასჯის შიში, სწავლობენ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ეშინიათ, არ დასაჯონ, არ გაკიცხონ, არ ეჩხუბონ.- სკოლის მხრივ დასჯის შიში. გვიჩვენებს მოსწავლისთვის დასჯის, გაკიცხვის მნიშვნელობას პედაგოგების მხრივ; იმას, რამდენად ეშინია ბავშვს, პედაგოგებმა წარუმატებელ, უუნარო მოსწავლედ მიიჩნიონ.- ოჯახის მხრივ დასჯის შიში. გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის ოჯახის მხრივ დასჯის, გაკიცხვის საფრთხე; შიში, მშობლებმა და ახლობლებმა იგი წარუმატებელ და უუნარო მოსწავლედ არ აღიქვან.- სოციალური აუცილებლობის გაცნობიერება. ავლენს მოსწავლის მისწრაფებას იყოს განათლებული ადამიანი. მოსწავლეები, რომლებთანაც დომინირებს მოტივაციის ეს ტიპი, სწავლობენ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ აცნობიერებენ კარგად სწავლის აუცილებლობას საკუთარი წარმატებული მომავლისთვის. კარგი იქნება, თუ ასეთი ბავშვებისთვის გადაცემის დროს ნებისმიერ სასწავლო მასალას აქტიურად დავაკავშირებთ ბავშვის სამომავლო გეგმებთან - როგორ გამოადგება ეს ცოდნა მომავალში, უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად, პროფესიის კარგად დასაუფლებლად, სასურველი სამსახურის მისაღებად და ა.შ. სასწავლო მოტივაციის გასაძლიერებლად ამ ტიპის ბავშვების აზროვნება და ყურადღება სწორედ ამ მიმართულებით უნდა წარვმართოთ.- ურთიერთობის მოტივი. გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის თანატოლებთან ურთიერთობის მოტივაცია. მოსწავლეები, რომლებთანაც დომინანტურია ეს მოტივი, სწავლების პროცესში დაინტერესებულები არიან ისეთი საქმიანობებით, რომლებიც კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევა, ამიტომ კარგი იქნება, თუ ამ ტიპის ბავშვებისთვის ისეთ დავალებებს გამოვიყენებთ, რომლებიც მათგან ჯგუფებად და წყვილებად მუშაობას მოითხოვს.- არასასწავლო სასკოლო მოტივაცია. გვიჩვენებს მოსწავლეთა დაინტერესებას, უპირველეს ყოვლისა არასაგაკვეთილო საქმიანობებით (კონცერტებით, გამოფენებით, ზეიმებით და ა.შ.) და არა უშუალოდ გაკვეთილით. მოსწავლეები, რომლებთანაც მოტივაციის ეს ტიპი დომინირებს, სიამოვნებით დადიან სკოლაში, აქტიურად, თუმცა უხალისოდ, მონაწილეობენ არასაგაკვეთილო ღონისძიებებში და მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში სწავლობენ. კარგი იქნება, თუ ასეთი მოსწავლეებისთვის, განათლებისა და სწავლის პრესტიჟულობის ამაღლების მიზნით, სკოლაში ხშირად გაიმართება ისეთი ღონისძიებები (ვიქტორინები, კონკურსები, ინტელექტუალური თამაშები და ა.შ.), სადაც მათ თავიანთი ცოდნისა და განათლების დემონსტრირების საშუალება მიეცემათ. თუ ასეთ ღონისძიებებსა და კონკურსებში გამარჯვება მათთვის სასურველი ჯილდოთი (მაგალითად, ექსკურსიით, ლაშქრობით) აღინიშნება, მათ უფრო მაღალი მოტივაცია ექნებათ ახალგაზრდებს მასში მონაწილეობისთვის, ცოდნის, განათლების გამომჟღავნებისა და გამარჯვებისთვის. ამასთან ერთად, აღნიშნული ღონისძიებები ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ის სასწავლო პროცესის თავისებურ გაგრძელებას წარმოადგენდეს.- თვითრეალიზაციის მოტივი. გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის სასწავლო საქმიანობა როგორც თვითრეალიზაციის წამყვანი სფერო, სადაც მას შეუძლია გამოავლინოს თავისი თავი, თავისი შესაძლებლობები და უნარები.სასწავლო მოტივაციის ასამაღლებლად აუცილებელია, კოლეგებთან ურთიერთობისას განხილვისა და ანალიზის საგნად ვაქციოთ ცალკეულ მოსწავლეთა სასწავლო მოტივები. ეს საჭიროა თუნდაც იმიტომ, რომ სხვადასხვა სასწავლო მოტივი სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენებას მოითხოვს პედაგოგისგან. მაგალითად, თუ ბავშვისთვის წამყვანი მოტივია ქების მიღება, ეს ერთ ტაქტიკას საჭიროებს, თუ დასჯის შიშია წამყვანი მოტივი - სულ სხვას. მიღწევის მოტივაციაც ასევე განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს პედაგოგისგან და ა.შ. ცალკეული შემთხვევების ფსიქოლოგიური ანალიზი, პედაგოგისა და ფსიქოლოგის ურთიერთთანამშრომლობის პროცესში, დაგვეხმარება შევიმუშაოთ საჭირო ტაქტიკა კონკრეტული მოსწავლის აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად. დაბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღევანდელ სკოლაში სასწავლო პროცესის წარმატებას განსაზღვრავს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: პედაგოგის პროფესიული მომზადების მაღალი დონე, სწავლების თანამედროვე მეთოდები, კომფორტული სასწავლო გარემო, დისციპლინა და წესრიგი სკოლაში, პედაგოგის კეთილგანწყობილი, მეგობრული დამოკიდებულება მოსწავლისადმი და მათ შორის ნდობის ატმოსფეროს შექმნა. სასურველია, რომ სკოლა მუდმივად აკონტროლებდეს აღნიშნულ კომპონენტებს სასწავლო პროცესის წარმატების უზრუნველსაყოფად.გამოყენებული მასალები:www.maswavlebeli.ge

No comments:

Post a Comment